კანდიდატთა ნაწილი ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობდა ელემენტარულ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი – NGO-ები უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებზე

პუბლიკა

„კანდიდატთა ნაწილი, ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობდა ელემენტარულ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი“,  – კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიულ კომიტეტში მოსმენის პროცესს აფასებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, შეკითხვები შეხებოდა, როგორც სამართლებრივ, ისე ღირებულებით საკითხებს, ასევე სამუშაო გამოცდილებისა და მოსამართლე კანდიდატთა მიერ წარსულში განხილულ საქმეებს.

მათი შეფასებით:

კანდიდატთა ნაწილი, ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობდა ელემენტარულ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი.

იშვიათი გამონაკლისების გარდა, კანდიდატების სამართლებრივი მსჯელობის უნარი იყო დაბალი, პასუხები კი – დაუსაბუთებელი.

ზოგიერთმა კანდიდატმა უარი განაცხადა კონკრეტული სუბიექტების შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე.[4]

იყო დაუსაბუთებელი და გამოგონილი საფუძვლით შეკითხვებზე თავის არიდების შემთხვევებიც.

NGO-ების შეფასებით, მსგავსი დამოკიდებულება, არა მხოლოდ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, არამედ ზოგადად, პროცესის მიმართ უპატივცემულობის გამომხატველია და ერთმნიშვნელოვნად, უარყოფით შეფასებას იმსახურებს.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირებისა და საკომიტეტო მოსმენების პროცესმა, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა სასამართლო სისტემაში არსებული  პრობლემები. კანდიდატების უმრავლესობა არაადექვატურად აღიქვამს სამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს, ვერ ხედავს როგორც წარსულში ასევე აწმყოში სასამართლოში არსებულ პრობლემებს ან არ სურს ისაუბროს ამ პრობლემებზე; პრეტენდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად უჭერს მხარს სასამართლოში არსებულ კლანს, ერიდება განსხავებული აზრის დაფიქსირებას, რაც მათ შინაგან თავისუფლებაზე, ღირებულებებზე და მორალურ სიმტკიცეზე დადებითად არ მეტყველებს. უზენაესი სასამართლო ქვეყანაში სამართლებრივ პოლიტიკას წარმართავს, ერთგვაროვან პრაქტიკას ამკვიდრებს და დარღვეულ უფლებას ბოლო ინსტანციით იცავს. სწორედ ამიტომ, მის წევრებს მოეთხოვებათ, სამართლებრივი აზროვნების და პიროვნული შეუვალობის მაღალი დონე, რასაც კანდიდატთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს”, – წერს GDI.

კოალიცია მიიჩნევს, რომ არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი კანდიდატების დანიშვნა, აზრს დაუკარგავს საქართველოს პარლამენტში წარმართულ ღია, გამჭვირვალე, კონსტრუქციულ პროცესს, დიდი ხნით დაასამარებს სასამართლოს გაჯანსაღებისა და საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნების შანსს.

„მოვუწოდებთ კანონმდებლებს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, არ შეავსოს ვაკანტური თანამდებობები სრულად და მოსამართლეთა მხოლოდ ის მინიმალური ოდენობა დანიშნოს, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის. ამავდროულად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატის უვადოდ არჩევის გადაწყვეტილების მიღებისას კარგად გააცნობიერონ მათზე დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და მხედველობაში მიიღონ საკომიტეტო მოსმენებზე კანდიდატის მიერ წარმოჩენილი ცოდნა, სამოსამართლო ღირებულებების ერთგულება და მათი უნარ-ჩვევები. მივმართავთ უმრავლესობას, გამოიყენოს ოპოზიციასთან მოლაპარაკების მექანიზმი მოსამართლეების კანდიდატურაზე შესათანხმებლად და დამოუკიდებლად არ განაწესოს ისინი საკასაციო სასამართლოში”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.


ხვალ, 12 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაა ჩანიშნული.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.

ესენი არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი და ნინო ქადაგიძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

მათგან ზაზა თავაძემ უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე.