„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას გამოეხმაურა.
„ძალიან კარგად და სწორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენი ამოცანა იყო ამ რადიკალური ოპოზციის შიგნით კორექტივების შეტანა და ძალიან გვეხმარებიან ამაში ის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც შლიან დღეს რეალურად ოპოზიციას, რაც არის ძალიან კარგი პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ოდიოზურ ფიგურებად მოიხსენია მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი და სხვა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ადამიანები შლიან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.
„ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ცდილობს, საფლავში ჩაიყოლოს სხვა პოლიტიკური პარტიები; ანალოგიურად, ნაცმოძრაობის ოდიოზურმა ლიდერებმა – სააკაშვილმა, გვარამიამ დაშალეს „ნაციონალური მოძრაობა“, რაც ძალიან კარგი პროცესია. ეს არის ჯანსაღი პროცესი და ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მივიღებთ ჯანსაღ ოპოზიციურ სპექტრს, ამაში რომ ისინი გვეხმარებიან, ოდიოზური ფიგურები, არის ძალიან კარგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს, 15 დეკემბერს, სოციალური ქსელით გაავრცელა.
„მე გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ”, – წერს ის facebook-ზე.
ვაშაძემ წასვლის მიზეზად პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის არჩეული ტაქტიკა და პარტიული სტრატეგიის არარსებობა დაასახელა. მან ამავე სტატუსში ახსენა „ოდიოზური ფიგურები“, რომელთან ერთადაც, ვაშაძის განცხადებით, ენმ ვერასდროს მოიპოვებს ამომრჩევლის ნდობას.
გრიგოლ ვაშაძისთვის აღმაშფოთებელია „სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიაც“.