საქართველოს ხვალ „ჯანმოს“ ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს კლუგე ეწვევა

პუბლიკა

ხვალ საქართველოს „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ (WHO) ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს კლუგე ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ჩვენ გვყვავს ჯანდაცვის სექტორისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სტუმარი, კერძოდ კი, საქართველოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი, ჰანს კლუგე ეწვევა. მას ექნება 5-დღიანი ვიზიტი. ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია როგორც წინაპერიოდის შეფასების მხრივ, ასევე მასთან შეთანხმებული იქნება ყველა შემდგომი სტრატეგია, რომელიც დაისახება არა მხოლოდ კოვიდპანდენიის მართვის კუთხით, არამედ ჩვენ გვექნება საუბარი ყველა დაგეგმილ რეფორმაზე, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად დელეგაციაშია და საქართველოს ეწვევა ქართველი ნინო ბერძულიც.

„მასთან ერთად საქართველოში ვიზიტით ჩამოვა ქ-ნ ნინო ბერძული – ჩვენი თანამემამულე, პროგრამების ხელმძღვანელი, რომელთანაც ასევე გაიმართება ინტენსიური კონსულტაციები ყველა იმ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის, პირველადი ჯანდაცვისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. არის დაგეგმილი“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, 18-23 დეკემბერს დაგეგმილი ვიზიტის დროს დელეგაციის კიდევ ერთი წევრი გადაუდებელი რეაგირების პროექტის მართვის ოფიცერი,  ნატალია ჩერტოიანოვა იქნება.