„ყაჩაღობა შემცირდა 42%-ით" | „დანაშაულის მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება" - გომელაური

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიშს წარადგენს.

პრეზენტაციაზე გომელაურმა ისაუბრა, რა ვითარებაა ქვეყანაში  დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.

„ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ კრიმინალმა იმატა. მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10%-ით.

რა თქმა უნდა, გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც ინფორმაციას საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით, მაგალითისთვის:

კიბერდანაშაულმა მოიმატა 24%-ით, ოჯახში ძალადობამ მოიმატა 8.5%-ით, ხოლო მკვლელობამ 11%-ით, რაც 7 ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით.

იცით, რომ კიბერდანაშაული XXI საუკუნის გამოწვევაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ოჯახში ძალადობის მატების ტენდენცია კი განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაურმა ასევე წარმოადგინა დანაშაულთა კატეგორიები, სადაც, მისი თქმით, პოზიტიური ტენდენციებია.

შს სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკით, ყაჩაღობა შემცირდა 42%-ით, გამოძალვა შემცირდა 34%-ით, ძარცვა შემცირდა 25%-ით, ქურდობა 12%-ით, ხოლო ბინების გაუქრდვა შემცირდა 28%-ით; მკვლელობის მცდელობა შემცირდა 5%-ით.

„თქვენ გაეცანით რეალურ ციფრებს, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას დანაშაულთან მიმართებაში, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მედიასაშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება, რაც ქმნის განცდას, რომ დანაშაულმა იმატა. ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია, რომ მედია თავისუფალია, ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.