რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რელიგიურმა კონფესიებმა, რომლებიც შობის დღესასწაულს სხვა დღეს აღნიშნავენ, უნდა დარეკონ კორონავირუსის ცხელ ხაზზე, 144-ზე და აიღონ გადაადგილების დროებითი ნებართვა.
„ვთხოვთ კონფესიებსაც, მიაწოდონ თავისივე მრევლის სია ჩვენს სამსახურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთჯერად საშვს ამ ადამიანებისთვის, იმისთვის, რომ რელიგიურ მსახურებებში მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა კონფესიის წარმომადგენლის აღმსარებლობის თავისუფლება იქნება დაცული და ექნებათ საშუალება, დაესწრონ მსახურებას.
„ჩვენ ყველანი საქართველოში აღვნიშნავთ მართლმადიდებლურ შობას. ეს გამონაკლისიც არის საქართველოში დაშვებული. დასვენების დღე არ გვაქვს კათოლიკურ შობაზე. მასიურად მთელი საქართველო არ აღნიშნავს კათოლიკურ შობას და ამიტომ არ გვაქვს დასვენების დღეები“, – გნაცხადა ცქიტიშვილმა.