არ მიიღოთ კანონპროექტი პარტიების დაფინანსების შესახებ - საია პარლამენტს

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია)“ პარლამენტს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის ცვლილებაზე დასკვნა წარუდგინა.

საია ხაზს უსვამს, რომ პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, პირველ რიგში, ემსახურება პარტიების ქმედითუნარიანობის უზრუნველყოფას. მათი თქმით, ის არ ემსახურება მხოლოდ პარტიის საპარლამენტო საქმიანობის ხელშეწყობას.

„პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს სჭირდებათ ფულად სახსრებზე წვდომა, რათა ამომრჩევლამდე მიიტანონ თავიანთი მიზნები და ხედვა პოლიტიკის შესახებ, და ამავე დროს მიიღონ ხალხის შეხედულებების თაობაზე ინფორმაცია“, – წერია საიას განცხადებაში.

საქართველოს იურისტთა ასოციაციის თქმით, ამ ფონზე მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების ჩამორთმევა ორგანიზაციის მიერ აღიქმება, როგორც ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის განკუთვნილი თვითნებური სასჯელი.

„საია მოუწოდებს პარლამენტს მხედველობაში მიიღოს პარტიათა სახელმწიფო დაფინანსების მიზნები, დანიშნულება, არ დაუშვას პოლიტიკური პარტიების არაპროპორციულად შემზღუდველი, დაუსაბუთებელი ნორმების გაჩენა კანონმდებლობაში და არ მიიღოს წარმოდგენილი კანონპროექტი“, – აღნიშნულია განცხადებაში.


დღეს, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა 1-ლი მოსმენით, 83 დეპუტატის მხარდაჭერით, მიიღეს კანონპროექტი, რომელიც პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას ითვალისწინებს.