პოლიციამ 2 კოვიდინფიცირებული პირი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თბილისში 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე – 38 და 35 წლის პირები იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

„ერთ-ერთი მათგანი კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 15 დეკემბრიდან იმყოფება, ხოლო მეორე – 20 დეკემბრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქეებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი“, – იუწყება შსს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი ვარკეთილის დასახლებაში ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ მეორე მოქალაქეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ის თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ქვეითად გადაადგილებისას დაჯარიმდა.

შსს-ს განცხადებით, პოლიციამ ორივე კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის 2000-2000 ლარით. დაჯარიმების შემდეგ, ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.