„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, ქართულ მედიასთან ეს მისი ბოლო ინტერვიუ იყო და ამის შემდეგ საჯაროობას წყვეტს.
ივანიშვილმა ინტერვიუს დროს ახსენა ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ფიგურირებს. ივანიშვილის მტკიცებით, ხიდაშელმა მოიძია რუკა, რომელიც საქართველოსთვის ხელსაყრელია აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის პროცესში და ამით გმირობა ჩაიდინა.
„დათო ხიდაშელი, რომელმაც რუკები მოიპოვა, მე ვიცი, როგორი საშუალებებით მოიპოვა მან ეს რუკები სხვადასხვა ქვეყნიდან, საკუთარი კაპიტალიც საკმაოდ ბევრი დახარჯა და იმის იქითაც ქვეყანას საკმაოდ ბევრს ახმარს. ეს კაცი… თუკი ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ მე რაღაც განსაკუთრებული გავაკეთე, არანკლები ქველმოქმედია ჩემზე და არანაკლები პატრიოტი, არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე.
მის ყველა ქმედებას მე აბსოლუტურად გმირობად ვთვლი. ნიუანსები შეუძლია თავად თქვას, როგორ იყო, მაგრამ რაც მან გაუკეთა ქვეყანას, მე ვთვლი, რომ ეს არის ჭეშმარიტი გმირობა. ჩვენ ჩვენს მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რომ ჩვენი კულტურის ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა. ეს გააკეთა გულწრფელად, თავისი გონებით, თავისი შემართებით, თავისი რესურსებით, თავისი ფინანსებით და ჩემი აზრით ის არის ჭეშმარიტი გმირი, ნამდვილი პატრიოტი და ძალიან საყვარელი ადამიანი. მე პირადად უამრავი მადლობა გადავუხადე მას და მომეცა საშუალება, საზოგადოებამაც გაიგოს. ვთვლი, რომ ვალი მიმყვება ამ კაცის“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ფიგურირებს. მისი თქმით, გარკვეული პირების თხოვნით, მან რუსეთში მოიძია რუკა, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში გარკვეულ უპირატესობებს უქმნიდა, მათ შორის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის არეალში. ხიდაშელმა რუსეთიდან ეს რუკა ჩამოიტანა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრებს გადასცა.
ამ საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებული.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა. უწყებას მტკიცებულებად მოჰყავს 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც, გამოძიების მტკიცებით, შეძლებდნენ ისეთი ალბომის შექმნას, სადაც „დატანილი იქნებოდა საქართველოს ისტორიული საზღვარი“. სწორედ ეს რუკა გადასცა ხელისუფლებას დავით ხიდაშელმა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა.
მათი თქმით, საზღვრის დელიმიტაციის პროცესში ორივე მხარე იყენებდა რუკას, რომლის მიხედვითაც 1938 წელს საბჭოთა ორმა რესპუბლიკამ საზღვრები დაადგინა.
მელაშვილისა და ილიჩოვას თქმით, ხიდაშელის მიერ მოწოდებულ რუკას, მანამდეც იცნობდნენ, თუმცა მას ჰქონდა ცდომილებები და ამ ცდომილებების გამო არსებითი აცდენა ჰქონდა 1938 წლის რუკასთან. ამასთან ეს ცდომილებები მეორდება თანამედროვე ბევრად უფრო ზუსტ რუკებთან ისეთი პუნქტების შედარებით, რომლებიც წლების განმავლობაში უცვლელი რჩება, იქნება ეს – მწვერვალი, ხიდი, რკინიგზა თუ სხვა.
ასევე, მათი თქმით, ეს რუკა იყო შედგენილი მიუფლინგის პროექტით და ცდომილებების წყარო შეიძლება იყოს თავად ეს პროექტიც, რადგან მიჩნეულია, რომ ამ პროექტით შედგენილ რუკებს აქვთ სწორედ მსგავსი ცდომილებები.