საქართველოსა და აშშ-ის შორის 5G ქსელების უსაფრთხოებაზე მემორანდუმი გაფორმდა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავრცელებს.

მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ – სა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარების მიმართულებით.

სამინისტროს ცნობით, საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველო მიუერთდა „Clean Network“ ინიციატივას, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

სამინისტროში ამბობენ, რომ მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის ისეთი მათგანიც, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს.

დოკუმენტის მიხედვით, მხარეები აღიარებენ, რომ 5G მომწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი პროდუქტები და მომსახურება, რაც საშუალებას მისცემს ინოვაციების განვითარებას და ხელს შეუწყობს ეფექტურობას.

„მემორანდუმის შესაბამისად, მომავალი თაობის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვის შექმნის ხელშესაწყობად, აშშ და საქართველო როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ითანამშრომლებენ ინოვაციებზე, რათა უზრუნველყონ მრავალფეროვანი და ძლიერი მიწოდების ჯაჭვი უსაფრთხო და სანდო მომავალი თაობის უსადენო ტექნოლოგიების ქსელისთვის, “- ამბობენ ეკონომიკის სამინისტროში.