„ექსპო ჯორჯიასთან”, სადაც „ქართული ოცნების” ყრილობა უნდა გაიმართოს, აქცია იმართება.
„არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს”, – აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერი აქვთ მიტანილი.
შეხლა-შემოხლაა პოლიციასთან. აქტივისტები ამბობენ, რომ პოლიცია მათ ბანერის გაშლის საშუალებას არ აძლევს.
მათი ნაწილი, პროტესტის ნიშნად, გზის სავალ ნაწილზე დასხდა. პოლიციამ სავარაუდოდ დააკავა აქციის რამდენიმე მონაწილეც.
„ქართული ოცნების” ყრილობა 14 საათზე უნდა დაიწყოს. ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობის არჩევა იგეგმება.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია. ასევე, ყრილობა აირჩევს პარტიის აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებს.