პარტია „ქართული ოცნების” ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია.
„ძალიან დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის, ძალიან დიდი მადლობა გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს ასეთი თბილი წარდგენისთვის. ნამდვილად საამაყოა, როდესაც ნამდვილი ჩემპიონი და ლიდერი ასეთი სიტყვებით წარგადგენს და გიჭერს მხარს”, – განაცხადა კობახიძემ არჩევის შემდგომ.
პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ის ამგვარად წარადგინა:
„ჩვენს განახლებულ გუნდს, ჩვენს პარტიას დღეიდან, ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლი, დიდი ხნის მეგობარი და ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის პოლიტიკური ლიდერის შემდეგ, ძალიან რთულია ამ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავება, თუმცა თუ კი იმ არაჩვეულებრივი გუნდიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, ვინმეს ხელეწიფება უხელმძღვანელოს ჩვენს საუკეთესო პარტიას, ეს ირაკლი კობახიძეა.
ვულოცავ მას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარდგენას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის თოთოეული წევრის, პირველ რიგში ჩემი, როგორც ქალაქის მერის, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ რიგითი ჯარისკაცის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა პარტიის ლიდერები გვერდში დავუდგებით მას და მაქსიმალურად დავეხმარებით იმ მძიმე ტვირთის ტარებაში, რასაც მმართველი პარტიის ლიდერობა აკისრებს მას. თავის მხრივ სრულად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ირაkლი სრულად გაამართლებს, როგორც ჩვენს, ისე საქართველოს მოსახლეობის იმედებს”, – განაცხადა კალაძემ.