„ექსპო ჯორჯიასთან“ აქციაზე დაკავებული პირები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პუბლიკა

„ექსპო ჯორჯიასთან“ აქციაზე დაკავებული პირები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მათი სასამართლო მომდევნო დღეებში უნდა გაიმართოს.

„ხმების ქურდების შეკრებაზე გვინდოდა მათთვის გაგვეგონებინა, რომ არ შერჩებათ მათ გაყალბებული არჩევნები და საქართველოში დიქტატურა არ დამყარდება. არ მოგვცეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის საშუალება, ბანერის გაშლაზე პოლიციის მთელი ასეული იყო მობილიზებული, რასაც მოჰყვა ჩვენ შორის შეხლა-შემოხლა. ჩემი დაკავებისას როგორც ფიზიკურ, ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი”, – ამბობს ერთ-ერთი დაკავებული გიორგი მუმლაძე.

„ექსპო ჯორჯიასთან“ აქტივისტების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„მე მგონი ეს არის მაქსიმალური ხმაური, რასაც ჩვენ გასული თვეების მანძილზე ვხედავთ. რეალურად ვხედავთ, რომ პროცესები წარიმართება მშვიდად, საზოგადოებას უნდა სიმშვიდე და სტაბილურობა, საზოგადოებას უნდა ის, რომ პოლიტიკური პროცესები მოექცეს ჯანსაღ სივრცეში და ყველაზე ჯანსაღი სივრცე ამისთვის ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტია”, – აღნიშნა მან.


დღეს აქციის 9 მონაწილე პოლიციამ „ქართული ოცნების” ყრილობის დაწყებამდე დააკავა.

როგორც „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს – – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობასა გულისხმობს.

„არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს”, – აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერი ჰქონდათ მიტანილი. ისინი ამბობენ, რომ პოლიცია მათ ბანერის გაშლის საშუალებას არ აძლევდა. შემდგომ მათ ეს ბანერი გზის სავალ ნაწილზე დააფინეს და პროტესტის ნიშნად ზედ დასხდნენ. პოლიციამ რამდენიმე მონაწილე შემდგომ დააკავა.