მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ;
ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტზე შერჩეული კანდიდატი ენტონი ბლინკენი სამშაბათს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე წარდგა. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნისთვის ბლინკენს კომიტეტის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცება სჭირდება. სიტყვით გამოსვლისას ბლინკენმა მომავალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებზე ისაუბრა და სენატორების შეკითხვებს უპასუხა.
რესპუბლიკელმა სენატორმა კენტუკის შტატიდან, რენდ პოლმა, რომელიც ნატოს ღია კარის პოლიტიკას უკვე წლებია ეწინააღმდეგება, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს საქართველოს ნატოში წევრობის შესახებაც კითხვა. ბლინკენმა განაცხადა, რომ ის საქართველოს წევრობას ემხრობა, თუ „ქვეყანა წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს“.
გთავაზობთ დიალოგს სენატორსა და მომავალ ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს შორის:
რენდ პოლი: „თქვენ მოუწოდებდით ნატოს გაფართოებისკენ. კვლავ უჭერთ მხარს ნატოში საქართველოს შეყვანას?“
ტონი ბლინკენმა მას უპასუხა, რომ „თუ ქვეყანა, როგორიც საქართველოა, წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს, დიახ, კარი ღია უნდა დარჩეს.“
რენდ პოლი: „ანუ თქვენ ეს წარმატებით რომ გამოგსვლოდათ, ახლა რუსეთთან ომი გვექნებოდა.“
ტონი ბლინკენი: „სიმართლე გითხრათ, საწინააღმდეგოს ვფიქრობ. როცა საქმე ნატოს წევრობას ეხება, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოში არ არიან და [უსაფრთხოების] ქოლგის ქვეშ არ არიან მოქცეული. ეს აჩვენებს იმას თუ რატომ არ ესხმის თავს რუსეთი [ნატოს წევრებს].
რენდ პოლი: “ეს [ალიანსს ] საქართველოს, [წევრად] დაამატებდა, რომელიც ოკუპირებულია და მეხუთე მუხლის მიხედვით, ჩვენ ომში ჩავერთვებოდით.“
ტონი ბლინკენი: „კიდევ ერთხელ, მე ვფიქრობ, ჩვენ წარსულში ვიხილეთ, რომ ქვეყნები რომლებიც ნატოს წევრებიან არიან, რუსეთის აგრესიის ასეთი სამიზნე არ ყოფილან.“
რენდ პოლი: “ეს 20 წლის შეიძლება საფუძვლიან არგუმენტად მიგვეღო. დღეს კი რუსეთს საქართველოს ნაწილი ოკუპირებული აქვს და არაპირდაპირ, მხარდაჭერილი ადგილობრივი ძალებით ოკუპირებული აქვს უკრაინის ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანის ნატოში შეყვანა არა მხოლოდ პროვოკაციული ნაბიჯია, არამედ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, თუ რა იქნება შემდეგი. იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს ვალდებულება ნატოს მოკავშირეები დავიცვათ, ეს იქნებოდა ხმის მიცემა ომისთვის. მე საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხმას არ მივცემდი. არავითარ შემთხვევაში, თუ იმისთვის მზად არ ვართ, რომ ჩემი ან თქვენი შვილები წავიდნენ საომრად საქართველოში.”
„ჩვენს გარშემო რთული დაპირისპირებები, ომები და ოკუპაციებია. და ვფიქრობ ამ საკითხებზე უნდა დავფიქრდეთ. თითოეულ პროვოკაციას მოსდევს პასუხი. ვაკუუმში ამას ვერ განვიხილავთ. ზოგჯერ ამბობენ „არ მაღელვებს რას ფიქრობს რუსეთი,“ „არ მაღელვებს რას ამბობს თეირანი.“ თუ ჩვენს მტრებს იმდენად ვერ ვუგებთ, რომ გვესმოდეს, როგორ გვიპასუხებენ ისინი, ვფიქრობ ჩვენს საქმეს სწორედ არ ვაკეთებთ.“
ტონი ბლინკენი: „გეთანხმებით.“
ბლინკენმა დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინის შეკითხვასაც უპასუხა, რომელიც რუსეთს ეხებოდა. სენატორმა მას ჰკითხა, თუ როგორ გააგრძელებს ახალი ადმინისტრაცია ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ზეწოლას.
ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი მრავალ სხვადასხვა ფრონტზე უქმნის ამერიკას მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებსაც დაუყოვნებლივ უნდა უპასუხონ.
„გასაოცარია, როგორ ეშინია ვლადიმირ პუტინს ამ ერთი ადამიანის. ეს ბევრის მთქმელია. ვფიქრობ, ბატონი ნავალნი არის მილიონობით რუსის ხმა და მათი ხმა უნდა იყოს გაგონილი რუსეთში. ბატონი ნავალნის გაჩუმებით, ამ ხმის გაჩუმების მცდელობა არის ის, რასაც მტკიცედ ვგმობთ. ჩვენ ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობდით და გავაგრძელებთ ამის კეთებას. უფრო ფართო კონტექსტში კი, რუსეთის მიერ სხვადასხვა ფრონტზე შექმნილი გამოწვევები, ასევე გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს და ეს საკითხი მომავალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში უმთავრეს საკითხებს შორისაა,“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენი 58 წლის გამოცდილი დიპლომატია. მას რამდენიმე ადმინისტრაციის პერიოდში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ეკავა. 2013 – 2015 წლებში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო, შემდეგ 2 წლის განმავლობაში კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი მუშაობდა სენატში და სხვა უწყებებში