გელათში ქარის შედეგად დაზიანებული დროებითი გადახურვის სამუშაოები დღესაც გრძელდება

პუბლიკა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე 18 იანვარს ქარის შედეგად ამძვრალი დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენის სამუშაოები დღესაც გრძელდება.

როგორც „პუბლიკას” სააგენტოში განუცხადეს, ქარის შედეგად ამძვრალი დროებითი გადახურვის ფართობია 15 კვ.მ, რომლის მოწესრიგებაც გუშინ ვერ მოესწრო. დღეს კი ამის უზრუნველსაყოფად სამუშაოებში სპეციალური ტექნიკაც ჩაერთვება.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სამსახურის უფროსი დავით ტყეშელაშვილი ამბობს, აღნიშნული სამუშაოები დღესვე დასრულდება.

„დაწყებულია სამუშაოები. რამდენიმე წუთში აქ ამოვა ჯგუფი, რომელიც უკვე მუშაობდა ამ საკითხზე. ასევე ამოვა ტექნიკა, რის საშუალებითაც მასალის მიწოდება მოხდება. მოხდება უსაფრთხოებისთვის ალპინისტებთან ერთად ამ სამუშაო ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აღნიშნული სამუშაოები დღესვე დასრულდება”, – აცხადებს დავით ტყეშელაშვილი.


როგორც სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დროებითი გადახურვის შემსრულებელი კომპანიის მიერ ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომების გამო 18 იანვარს მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა.

„აღდგენილი მყარი გადახურვის სათანადო წესით გამაგრების პარალელურად სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის სპეციალისტების ზედამხედველობით გადამოწმდება დროებითი გადახურვის ყველა არეალი. პრევენციული ქმედებებისას შესრულებული სამუშაოების ხარვეზების აღმოფხვრას დღეიდან [ახალი] კომპანია „ბაგინეთი+“ განახორციელებს“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.