„იმის გათვალისწინებით, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი დავით ზალკალიანი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გარდა, საკითხი, რომელიც იქნება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული, ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაციაა.
„მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით დღეს, როდესაც რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება საერთაშორისო ურთიერთობებს ენიჭება დიდი მნიშვნელობა. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი. ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში და პირველ რიგში, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და გავაკეთოთ განაცხადი 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე; ქვეყნის ნატოში შემდგომი ინტეგრაცია და, რა თქმა უნდა, პასუხი იმ მოვლენებზე, რომლებიც რეგიონში ვითარდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გახარიამ აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა დღეს ამ კრიზისებისა და გამოწვევების პერიოდში იყო საქართველოს მთავრობის წევრი, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა იყო ვიცე-პრემიერი.
„ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეძლებთ ამ გამოწვევებზე პასუხს და თქვენი მუშაობა იქნება წარმატებული“, – მიმართა გახარიამ ზალკალიანს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სხდომაზევე აღნიშნა ისიც, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი კვლავ იქნება საქართველოს ვიცე-პრემიერი და მთავრობის გუნდს ეკონომიკური მიმართულებით გაუძღვება.