ელისაშვილი წერს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დაასრულეს და „ოცნებას“ მიმართავს

პუბლიკა

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ დაასრულეს „ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც“ და პარტიის სახელით „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

„ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის „მოქალაქეების” სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა, არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ, რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხისა და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებული, სად ვიქნებით პოლიტიკურ სივრცეში.

ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო „ქართულ ოცნებას” – ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს, ხართ თუ არა მზად, შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად“, – წერს ელისაშვილი ფეისბუქ-პოსტში.