მოსახლეობის 25%-ის აზრით, არც ერთი პარტია არ დგას მათ შეხედულებებთან ახლოს | NDI

პუბლიკა

შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას  თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – გამოკითხულთა 31% ამბობს, რომ „ქართული ოცნება“, 25%-ის აზრით, – არც ერთი პარტია, 24%-მა უარი თქვა პასუხზე, 5% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 9% – დანარჩენი პარტიები.

NDI- ში ამბობენ, რომ „უარი პასუხზე“ მაღალი მაჩვენებელი, შესაძლოა, სატელეფონო მეთოდის თავისებურებით აიხსნას.

„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საქართველოში საზოგადოებრივი განწყობის კვლევას აქვეყნებს.

კვლევა დაფუძნებულია 2020 წლის დეკემბრის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებზე, ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-24 დეკემბერს.

NDI-ის ინფორმაციით, სატელეფონო ინტერვიუსთვის რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე – სულ 2 053 დასრულებული ინტერვიუ.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), ასევე კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.1%