როგორია COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის გეგმა - ანგარიში

პუბლიკა

„1 წელი Covid-19-თან ერთად“ – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და გატარებული ღონისძიებების ანალიზის მეხუთე, 2020 წლის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში მოცემულია ვაქცინაციის დანერგვის გეგმის პროექტი.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მოსახლეობის 20%-ის ასაცრელად აუცილებელი იქნება ქვეყნის იმუნიზაციის სერვისების მიმწოდებელი ქსელის პოტენციალის გასამმაგება. ამიტომ არსებულ სიმძლავრეების გასაზრდელად და ამავე დროს ეფექტურად გამოყენების მიზნით, იგეგმება ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება.

ცივი ჯაჭვის შესაძლებლობების შეფასება განხორცილდა ვაქცინების მოწოდების 4 სცენარის შესაბამისად, UNICEF და WHO მოწოდებული ინსტრუმენტის (sizing tool) მეშვეობით, შეფასება სცენარების მიხედვით შემდეგია:

სცენარი I

არსებული ცივი ჯაჭვის მოცულობა საკმარისია AstraZeneca ვაქცინის მისაღებად და არ საჭიროებს დამატებით ინვესტიციებს. არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა არ საჭიროებს დამატებით ინვესტიციას Pfizer ვაქცინის არსებული წესის მიხედვით (-700 C ტემპერატურული რეჟიმის დაცვით) შენახვა-დანაწილების უზრუნველსაყოფად და ვაქცინების დასაწყობება მოხდება მხოლოდ რეგიონულ საწყობებში, ხოლო ვაქცინაცია განხორციელდება შემჭიდროვებული გრაფიკით (ვაქცინის საწყობიდან გატანიდან არა უგვიანეს 4-5 დღის განმავლობაში).

სცენარი II

არსებული ცივი ჯაჭვის მოცულობა შესაბამისია AstraZeneca ვაქცინის მისაღებად და არ საჭიროებს დამატებით ინვესტიციებს. არსებული ცივი ჯაჭვის სისტემის მოცულობა შესაბამისია და არ საჭიროებს დამატებით ინვესტიციას Moderna-ს ვაქცინის არსებული წესის მიხედვით (-20ºC ტემპერატურული რეჟიმის დაცვით) შენახვა-დანაწილების უზრუნველსაყოფად.

სცენარი III და IV

არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა არ საჭიროებს დამატებით ინვესტიციას ვაქცინის არსებული წესის მიხედვით (2-8ºC ტემპერატურული რეჟიმის დაცვით) შენახვა-დანაწილების უზრუნველსაყოფად.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ტრანსპორტირება რეგიონულ დონეზე განხორციელდება სპეციალური ავტომობილების, „ვაქცინმზიდების“ მეშვეობით და 2-80 C და -200 C ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფით. არსებული პრაქტიკის მიხედვით, „ვაქცინმზიდები“ გამოიყენება მთელი ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალურ დონეზე რუტინული ვაქცინების სამთვიანი მარაგის შესავსებად. ვაქცინების დისტრიბუციის დეტალები გაიწერება ხელმისაწვდომი ვაქცინის მახასიათებლების გათვალისწინებით.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ვაქცინაციის რეგისტრაცია და ანგარიშგება მოხდება უკვე არსებული იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულის საშუალებით. ვაქცინაციის მოცვის ეროვნული მაჩვენებლები გაზიარდება ცენტრის ვებ-გვერდის საშუალებით. აცრის შემდგომ განვითარებულ არასასურველ მოვლენებზე ზედამხედველობა დაეყრდნობა არსებულ მექანიზმს, რომლის ბოლო განახლება ჯანმო-ს რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა 2019 წელს.