მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა დროზე | სააკაშვილი მთავრობას წინადადებას სთავაზობს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად გეგმას სთავაზობს. ამის შესახებ მან  თავად გაავრცელა ვიდეომიმართვა.

მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მალტამ ევროკავშირისგან საჭიროზე 1 მილიონით მეტი ვაქცინის დოზა მიიღო და შეუძლია, ღარიბ ქვეყნებს უსასყიდლოდ გადასცეს.

„კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას, იმედია მოისმენენ – არის ასეთი ევროკავშირის წევრი, კუნძული მალტა. ევროკავშირმა ყველა თავის წევრს დაურიგა ვაქცინა და მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა. ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში – საბედნიეროდ. შეუძლებელია, ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს. მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე, თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინის უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს, რატომ არ ინძრევით?!” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ის აპირებს, დადოს მასალები, თუ როგორ იპარავს საქართველოს მთავრობა კორონავირუსთან საბრძოლველ ფულს.