ე.წ. კარტოგრაფების საქმის წინასასამართლო სხდომა | ადვოკატები პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობას დააყენებენ

პუბლიკა

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების ადვოკატებმა წინასასამართლო სხდომის დაწყების წინ პრესკონფერენცია გამართეს და მიმდინარე საქმე შეაჯამეს. განაცხადეს, რომ დღევანდელ სხდომაზე მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგლომლობას დააყენებენ და არასაპატიმრო სახეს მოითხოვენ; ასევე, ისაუბრეს იმ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს დებს.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის, ივერი მელაშვილის უფლებადამცველ ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, საქმეში მთელი სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული და პროცესი არ მიმდინარეობდა თანასწორად. მისი თქმით, დაცვის მხარეს არაერთი სირთულე და უკანონობა შეხვდა.

„პირველივე ეტაპზე ბრალდების მხარის მხრიდან მტკიცებულებების სათანადო დაშვების შეზღუდვა, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა და შეაფერხა ზოგადად დაცვის უფლების განხორციელება. ასეთი იყო, მაგალითად, პენიტენციურის მხრიდან შეზღუდვა ბრალდებულთან სათანადო შეხვედრის, ასევე სასამართლოს უარი დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, რომ მოგვეპოვებინა მტკიცებულებები და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს არაჯანსაღი ჩართულობა, რამაც გააჭიანურა ექსპერტიზის პროცესი“, – განაცხადა მარიკაშვილმა.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მელაშვილისა და ილიჩოვას დანაშაულს დაამტკიცებს. „ასეთი ბუნებაშიც ვერ იარსებებს. ამ ადამიანებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ“, – თქვა მან.

ედუარდ მარიკაშვილის თქმით, წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე დააყენებს რამდენიმე საკითხს:

„პირველი – მტკიცებულებების დაუშვებლობის საკითხი, რომელზეც გვაქვს არაერთი შუამდგომლობა და ეს შუამდგომლობები ეხება, მაგალითად, ექსპერტიზების დაუშვებლობას, სადაც ცალსახად არიან ჩართული დაინტერესებული და სუბიექტური პირები;

ასევე გვაქვს შუამდგომლობები სხვა მტკიცებულებების დაუშვებლობაზე, რომლებიც საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით არის მოპოვებული, მათ შორის, ასეთი არის  ძირითადი მტკიცებულებები;

ასევე გვაქვს ზოგადად დაუშვებლობის შუამდგომლობა იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომელიც არ გადმოეცა დაცვის მხარეს თავის დროზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ დღეს უნდა გაუქმდეს პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით და ამ ადამიანებს მინიმუმი შეეფარდოთ, თუმცა სულ არ უნდა შეეფარდოთ, თუმცა თუკი სასამართლო, ჩვენ ღიად ვტოვებთ ამ საკითხს, გადაწყვეტს, რომ არსებობს რამე საფრთხე… ჩვენ გამოვრიცხავთ ასეთ საფრთხეს, ვინაიდან პროკურატურის არგუმენტები კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე აქამდე იყო, აღკვეთის ღონისძიების რამე ფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით, მზად ვართ, ალტერნატიული ფორმით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დავრჩეთ აღკვეთის ღონისძიების გარკვეული ფორმის ფარგლებში, თუმცა ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, გაუქმდეს პატიმრობა“, – განაცხადა მარიკაშვილმა.

ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველის, გიორგი მახარაძის განცხადებით, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ აღარანაირი სისხლისსამართლებირივი მიზანი არ არსებობს ილიჩოვას და მელაშვილის პატიმრობაში დარჩენის. მისი თქმით, ამის შესაბამის არგუმენტებს მხარე სასამართლოში წარადგენს და პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას მოითხოვს, ალტერნატივის სახით. მისი თქმით, უმჯობესია, თუ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებს სასამართლო ბრალდებულებს.

გიორგი მახარაძე იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო იქნება ადეკვატური, უპასუხებს სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს და ეცდება, მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.

ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღესაა ჩანიშნული.

სხდომის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებმა საქალაქოს შენობასთან საპროტესტო აქცია დაგეგმეს.

ისინი აცხადებენ, რომ, „ივერის და ნატალიას პატიმრობა ქვეყნის სირცხვილია“.


21 იანვარს პროკურატურამ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები გაასაჯაროვა. კერძოდ, პროკურორის თქმით, ივერი მელაშვილის კაბინეტი აღიჭურვა ფარული სათვალთვალო მოწყობილობებით და გამოძიებამ მტკიცებულების სახით მოიპოვა მელაშვილსა და საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარეს შორის გამართული საუბარი. პროკურორის თქმით, საუბარი იყო რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის, დავითგარეჯას საზღვრის საქართველოს ინტერესების საზიანოდ დადგენის საკითხზე.