მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი - ელისაშვილი

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილის წერს, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკების შედეგია.

„ვულოცავ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ, გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ! საძაგლობაა, როდესაც სახელმწიფო ტყუილ-უბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია, რომ „ქართული ოცნება“ გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული“, – წერს ალეკო ელისაშვილი.

ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მოსამართლე ლელა კალიჩენკომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ მათ 20-20 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.