პრაქტიკულად, მათ უწევთ უკან დახევა და გარკვეული პოზიციების გადასინჯვა – ოხანაშვილი ოპოზიციაზე

პუბლიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს მიაჩნია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ოპოზიციის პოზიციები დაკორექტირდა. მისი თქმით, ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომლითაც მოლაპარაკება ჩიხში არ შევა.

ოხანაშვილის თქმით, სანამ ოპოზიციის პოზიცია საბოლოოდ არ ჩამოყალიბდება, „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ მსჯელობს, დაეთანხმოს თუ არა მოთხოვნას მანდატების ვადაზე ადრე გაუქმების შესახებ.

„რაც შეეხება მანდატების შეწყვეტის საკითხს, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო კვირაში დაკორექტირდა ოპოზიციური ჯგუფების პოზიციები და ისინი საუბრობენ, რომ შესაძლებელია გაგრძელდეს მოლაპარაკება და ამას მხარს უჭერენ. საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლებელია, უფლებამოსილების შეწყვეტამ გავლენა იქონიოს მოლაპარაკებებზე. პრაქტიკულად, ისინი ამბობენ და მოგვიწოდებენ, რომ იქნებ ჩვენ ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომლითაც შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებები ჩიხში არ შევიდეს.

პრაქტიკულად, მათ უწევთ უკან დახევა და გარკვეული პოზიციების გადასინჯვა. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ როგორც რაღაცა გარკვეული საკითხების გადაფასება და თუკი ისინი მზად არიან, რომ გარკვეული საკითხები გადააფასონ კიდევ ხვალამდე, ვიდრე ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ, ამიტომ ჩვენც, რა თქმა უნდა, ვიტოვებთ უფლებას, რომ ამ საკითხზე  გუნდში გავმართოთ მსჯელობა, ვიდრე საბოლოოდ არ გვეცოდინება მათი პოზიცია, ამიტომ წინმსწრებად  ჯერ პოზიციას აღარ გავახმაურებ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პარტია „გირჩმა“ გაავრცელა განცხადება და მმართველ პარტიას მიმართა, მხარი არ დაუჭიროს კოლეგების „პარლამენტიდან გამოძევების“ გადაწყვეტილებას და დატოვოს სივრცე მოლაპარაკების პროცესის გასაგრძელებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიის სამი მანდატიანი წევრი (ხვიჩია, მეგრელიშვილი და რაქვიაშვილი) ასევე დაწერს განცხადებას მანდატების დათმობის შესახებ.