გარეჯის საკითხის პოლიტიზება არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის – გახარია

პუბლიკა

„დავით-გარეჯის საკითხის ნებისმიერი სახით ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტირება არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გარეჯის საკითხისა და ე.წ. კარტოგრაფების საქმის კომენტირებისას.

პრემიერის თქმით, საზოგადოება გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს და ყველა მხარემ თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რაც საკითხის პოლიტიზებას შეუწყობს ხელს.

„ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, რომ ყველას უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა და დაველოდოთ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც მიმდინარეობს – ყველას, აბსოლუტურად  ყველას. აქ ვერ გამოყოფ ვერავის. საერთო ეროვნული და საერთო სახელმწიფოებრივი მიდგომა უნდა იყოს ეს.

ჩვენ, ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯიდან და ნებისმიერი სიტყვისგან, რომელმაც შეიძლება, თეორიულადაც კი გარეჯის საკითხის პოლიტიზებას შეუწყოს ხელი“, – განაცხადა გახარიამ.