მდინარაძემ ენმ ნაცისტურ პარტიას, სააკაშვილი კი ჰიტლერს შეადარა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ახალი წევრების წარდგენის შეფასებისას, „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცისტურ პარტიას შეადარა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი – ადოლფ ჰიტლერს.

„ისევე, როგორც „ნაციონალურ-სოციალისტური“ პარტია ვერ დაექვემდებარებოდა რებრენდინგს ჰიტლერის პირობებში, ასევე ვერ დაექვემდებარება რებრენდინგს „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის პირობებში, ეს ფასადური ცვლილებები არაფერს ცვლის“, – ასე  შეაფასა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარტიის ახალი წევრების წარდგენა.

მდინარაძის განცხადებით, ფასადური ცვლილებები „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას ვერ უზრუნველყოფს.

„როგორც მითხრეს, ერთ-ერთი მათგანი, ვინც განახლებულ გუნდშია, თანაავტორი იყო იმ საუკუნის ტყუილის, რასაც მალტიდან მილიონი დოზის ვაქცინის ჩამოტანის შესაძლებლობა ერქვა და ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილის როლზე იყო საუბარი. ეს აბსოლუტურად არასერიოზული იყო“, – განაცხადა მდინარაძემ.


„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალი წევრები 31 იანვარს წარადგინა.