მოვუწოდებ უმრავლესობას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნამდე ოპოზიციასა და მმართველი პარტიის წევრებს მიმართა. მან ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ და „ქართულ ოცნებას” კი მათთვის დროის მიცემისკენ მოუწოდა.

„მინდა დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებისკენ, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი. ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს. უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა.

პლენარული სესია, რომელზეც ეს საკითხი კენჭისყრაზე გავა, ხვალ, 2 თებერვალს არის ჩანიშნული.