ქალების საშუალო ხელფასი თვეში 924.1 ლარია, კაცების – 1 475.7 – საქსტატი

პუბლიკა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.1 ლარით, ხოლო კაცების – 1 475.7 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 72.2 და 115.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქსტატში ამბობენ, რომ  გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასის
ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი აღინიშნა შემდეგ
დარგებში:
• მშენებლობა – 2 008.4 ლარი (წლიური ზრდა – 16.4 პროცენტი);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 958.7 ლარი (წლიური ზრდა – 9.7 პროცენტი);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 936.2 ლარი (წლიური ზრდა –
3.7 პროცენტი);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1 898.6 ლარი (წლიური ზრდა – 19.4 პროცენტი).