#cancelThea – თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს, რომელსაც უკვე ხელს აწერს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი.
„[წულუკიანი დანიშვნა] პროფესიონალებთან კონსულტაციის და სამოქმედო გეგმის გაცნობის გარეშე საშიშ ტენდენციად მიგვაჩნია“, – აცხადებენ პეტიციის ავტორები და ხელმომწერები.
პეტიციაში ასევე განმარტებულია მიზეზები, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნას. პეტიციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მინისტრი კარგად უნდა იცნობდეს ზემოთჩამოთვლილ რამდენიმე, სრულიად განსხვავებულ სფეროს.
„მინისტრის კანდიდატურა, მისი საჯარო ბიოგრაფიის გათვალისწინებით და კომპეტენტურობაზე დაყრდნობით, ამის იმედს არ გვაძლევს. ამ ყველასთვის რთულ და გამოწვევებით სავსე გარემოში არ გვახსენდება თეა წულუკიანის არცერთი კონსტრუქციული ინიციატივა, საჯარო გამოსვლა ან ქმედება, რომელიც ამ სფეროებში დამდგარი კრიზისული ვითარების დაძლევას ან სპორტისა და კულტურის პროფესიონალების ხელშეწყობას ემსახურებოდა“, – წერია პეტიციაში.
პეტიციაში აღნიშნულია, რომ სამინისტროს სჭირდება კომპეტენტური ადამიანი და გულშემატკივარი, რომელიც ძალაუფლებას „მკაცრი, ცენზურით სავსე ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით, სხვისი დამცირების მოუთოკავი ვნებით კი არ ინარჩუნებს, არამედ პროფესიონალიზმით, გახსნილობით, სიახლეების მიღებით და სექტორის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე რეფორმებით არის დაინტერესებული“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კულტურა და სპორტი ნიშნავს სხვა ადამიანების გათვალისწინებას, გუნდურობას, სხვისი გადაწყვეტილებების და სივრცის პატივისცემას, სამწუხაროდ, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანისგან „ამ ღირებულებების მუდმივი უგულვებელყოფის მომსწრენი ვართ“.
„პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანისგან, მისი დანიშვნის შემდეგ, ვერ მოვისმინეთ ვერანაირი გეგმა პანდემიურ სივრცეში თვეობით ჩაკეტილი სახელოვნებო სივრცეების, ხელოვანების და სპორსტმენების მხარდაჭერის და ხელშეწყობის შესახებ. ბუნდოვანია როგორია სფეროში მისი კომპეტენტურობა. აღნიშნული იწვევს მის მიმართ უნდობლობას კულტურის და სპორტის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან“, – აღნიშნულია პეტიციაში.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, წულუკიანს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ჩააბარებენ, „რაზეც მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე შედგა“.