საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „მთავარ არხზე“ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას შესახებ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.
საპატრიარქოს განცხადებით, სიუჟეტში ითქვა, თითქოს მიტროპოლიტი საბა წარსულში სასულიერო პირისათვის შეუფერებელი ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული, რაც ტყუილია. საპატრიარქოს განცხადებით, ბოლო პერიოდში მსგავსი ცილისწამება სასულიერო პირების მიმართ ხშირად ვრცელდება და ეს საკითხი სამართლებრივად უნდა მოწესრიგდეს.
„ევროპული ღირებულებების გააზრება, რაზედაც ხშირად სწორედ ცალკეული მედიასაშუალებები აპელირებენ, უპირველესად, გულისხმობს იმგვარ სამართლებრივ მოწესრიგებას, რაც, ერთი მხრივ, მედიას საშუალებას მისცემს, გაავრცელოს ინფორმაცია, ხოლო, მეორე მხრივ, ისეთი უფლებების დარღევის შემთხვევაში, როგორიცაა ღირსების უფლება, შესაბამისი პირისთვის უფლების დაცვის მოქნილ მექანიზმს განსაზღვრავს“, – წერს საპატრიარქო.
საპატრიარქოს განცხადებით, მათ მიმართ გავრცელებული ბრალდებები სწორედ სამართლებრივად არასათანადო მოწესრიგების ბრალია, შედეგად კი მედია სასულიერო პირების ღირსებასა და რეპუტაციას ლახავს.