თუ „ოცნება“ დასთანხმდება ნულოვან ბარიერს, მაშინ პარლამენტში შევალთ - მეგრელიშვილი

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებისას დასთანხმდება მათ შეთავაზებას, რომ არჩევნებზე ე.წ. ნულოვანი ბარიერი დაწესდეს, მაშინ „გირჩი“ პარლამენტში შევა.

„ჩვენ შევთავაზეთ, ჩემი აზრით, სასწაული პირობა – თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მინიმუმ ჩვენ ხომ შევალთ პარლამენტში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად ჩვენი კოლეგები სრული შემადგენლობით, ყველა შემოვიდეს პარლამენტში და ერთად მივიღოთ ახალი კონსტიტუცია“, – განაცხადა მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

წამყვანის კითხვაზე, თუკი „ოცნება“ დასთანხმდება მათ ბარიერის ცვლილებაზე, მაგრამ „გირჩი“ ვერ დაითანხმებს ოპოზიციის დანარჩენს ნაწილს პარლამენტში შესვლაზე, რას აპირებენ ამ შემთხვევაში, მეგრელიშვილმა უპასუხა, რომ მაშინ „გირჩი“ ამაზე აგებს „პოლიტიკურ პასუხს“ და ისინი მაინც შევლენ პარლამენტში.