მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარებაზე რეგულაცია შესაძლოა გადაიხედოს

პუბლიკა

განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის თქმით, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით არსებობს ბრძანებით დამტკიცებული რეგულაცია, რომელიც შესაძლოა, გადაიხედოს.

ამ დროისთვის სკოლის სივრცეში პირბადის ტარება მოსწავლეებისთვის სავალდებულო არ არის.

„არსებული რეგულაციის ფარგლებში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არაა, თუმცა ახლა განიხილება, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით ხომ არ შეიცვალოს რეგულაცია. სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში ვიმსჯელებთ და ინფორმაციას მივაწვდით სკოლას, მშობელს და საზოგადოებას“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

5 თებერვალს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ცენტრის რეკომენდაციით, სკოლაში მეხუთე კლასის ზემოთ მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იყოს.

15 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. შეზღუდვები მოხსნის მიუხედავად, მშობლებს ისევ რჩებათ შესაძლებლობა სწავლების დისტანციური ფორმა აირჩიონ.