„არც „ევროპული საქართელო” და არც სხვა ოპოზიციური ძალები არ აპირებენ ამაში მონაწილეობის მიღებას”, – „ევროპული საქართველოს” წევრი ლევან თარხნიშვილი ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას 2024 წლის არჩევნებისთვის ბარიერთან დაკავშირებით.
„რეალობა არის სულ სხვა, რეალობა არის ის, რომ ქვეყანა არის ღრმა კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია მხოლოდ ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომლებიც გულისხმობს ახალ არჩევნებს, თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოს და თვისობრივად ახალ საარჩევნო ადმინისტრაციას, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას.
ეს ერთად და კომპლექსურად თუ არ გაკეთდა, ვერავითარი 0%-იანი ბარიერი და კოსმეტიკური ცვლილებები საქმეს ვერ უშველის. შესაბამისად, არც „ევროპული საქართველო” და არც სხვა ოპოზიციური ძალები არ აპირებენ ამაში მონაწილეობის მიღებას, „ქართული ოცნება” კი რაც უფრო მალე აღიარებს არსებულ რეალობას და შეეშვება მაიმუნობას და კლოუნადას, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის”, – განაცხადა თარხნიშვილი.
8 თებერვალს მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მმართველი გუნდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ბარიერის დაწევის საკითხს 0-დან 3%-მდე ფარგლებში განიხილავს, რაც მემორანდუმით აღებული ვალდებულებაცაა. მისი თქმით, „ქართული ოცნება” მათ შორის მზადაა, განიხილოს უბარიერო სისტემასაც.