მელიას განცხადება სიმხდალე და საზოგადოების მოტყუების მცდელობა იყო - მდინარაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპასუხოდ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.

მდინარაძის თქმით, მელიას განცხადება ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის სიმხდალის და საზოგადოების მოტყუების მცდელობის დადასტურება იყო.

მდინარაძის მტკიცებით, ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, გირაო გადაიხადონ ე.წ. გვერდითა გზებით.

„მე დღეს თქვენს წინაშე მისი განცხადებიდან რამდენიმე წუთში არ ვიდგებოდი, თავად რომ არ იშვერდნენ ხელს, ვითომ ჩვენ გვაქვს აღტკინება და სურვილი, მაინცდამაინც ნიკა მელიას გადავუხადოთ გირაო, რაც არასდროს მომხდარა სხვა ბრალდებულების შემთხვევაში და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მეტიც, გარანტიას ვაძლევ პირადად მე, არავინ აპირებს მისი გირაოს გადახდას, არც ასეთზე ფიქრს, თუმცა ისინი მაინც იშვერენ ხელს და თავხედური პიარით ცდილობენ ხალხის მოტყუებას.

თუ მას უნდა გირაოს გადახდა, დაანებოს ამ მანიპულაციებს თავი და გადაიხადოს და დაექვემდებაროს კანონს და არა სააკაშვილის სურვილებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ გენმდივნის განცხადებით, ნიკა მელია იტყუება ე.წ. უნიკალურ კოდთან დაკავშირებით.

მდინარაძე ამტკიცებს, რომ უნიკალური კოდი მხოლოდ იმისთვისაა, რომ მოხდეს იმის სწრაფი იდენტიფიკაცია, ვის სასარგებლოდ ხდება გადახდა.

„ეს კოდი არ არის ანგარიშის დამბლოკი ან ბარიერი რომელიმე ანგარიშისთვის, რომელიც არის გახსნილი რომელიმე ბანკში. გირაოს ანგარიში არის ღია, ის არ არის კოდით დაცული იმგვარად, რომ ამ კოდის გარეშე არ შეიძლებოდეს გადახდა და ისინი იტყუებიან და მანიპულირებენ სპეციალურად ისეთი ტერმინით, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცხოა“, – განაცხადა მდინარაძემ.


„არსებობს თითქოს ვინმე მითიური მოქალაქე, რომელიც ნიკა მელიას სანაცვლოდ თურმე გადაიხდის გირაოს. კიდევ ერთხელ, ძვირფასო მეგობრებო, ძალიან საჯაროდ და სახალხოდ მინდა განვაცხადო ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, – ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.