პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა 50 ლარით დაჯარიმდება - კანონპროექტი

პუბლიკა

პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა 50 ლარით დაჯარიმდება, – ამის შესახებ აღნიშნულია კანონპროექტში, რომელიც პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინა.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რის მიხედვითაც:

ღია და დახურულ საჯარო სივრცეში, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით (ავტობუსი, მეტრო, სამარშრუტო ტაქსი) და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა პირველ ჯერზე გამოიწვევს 20 ლარით დაჯარიმებას (ეს ასეა დღესაც), განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი 50 ლარით.

პროექტის ავტორები არიან უმრავლესობის დეპუტატები – დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე, ვლადიმერ კახაძე.

კანონპროექტით ასევე სწორდება იმ მუხლის ფორმულირება, რომელიც ჯარიმას ითვალისწინებს. კერძოდ, 4211-ე მუხლის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქციას, ხოლო ღია საჯარო სივრცეებზე ამ მუხლში ჩანაწერი არაა. პროექტის თანახმად აღნიშნული მუხლის შესაბამისს ნაწილს ემატება სიტყვები – ღია საჯარო სივრცე. ის, რომ აქამდე ამ მუხლში არ იყო ჩანაწერი ღია საჯარო სივრცეზე, სხვადასხვა ორგანიზაციის თუ პოლიტიკური პარტიის შენიშვნას იმსახურებდა.