NGO-ები: გადაწყვეტილება აჩვენებს შერჩევითი, პოლიტიკურად ნაკარნახევი მართლმსაჯულების ნიშნებს

პუბლიკა

საია და EMC ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო ღონისძიების შეფარდებას კრიტიკულად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება აჩვენებს შერჩევითი, პოლიტიკურად ნაკარნახევი მართლმსაჯულების ნიშნებს. ორგანიზაციები მოუწოდებენ პოლიტიკურ ლიდერებს, დაიწყონ კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად და თავიდან აიცილონ საზოგადოების პოლარიზაცია, ვითარების კიდევ უფრო რადიკალიზება და ძალადობრივ რეჟიმში გადაყვანა.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და გამოიყენოს ყველა ზომა პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკების გზით გადაჭრისა და პროცესების დეესკალაციის მიზნით და უზრუნველყოს 2019 წლის 20 ივნისს ადამიანის უფლებათა დარღვევის უმძიმესი შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება და შესაბამისი პირების, მათ შორის, აქციის დაშლაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირების დასჯა.

EMC და საია ასევე მოუწოდებენ სამართალდამცველ უწყებებს, არ გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები ამ საქმეზე, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს შექმნილ სიტუაციას და მათ მიმართ საზოგადოებრივ ნდობას შეამცირებს. პარტიებს კი მოუწოდებენ, რომ მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური სტრატეგიები გამოიყენონ.