სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ეხმაურება.
„სირცხვილიას“ განცხადებით, მართალია, გახარიამ თქვა, რომ თანამდებობა დატოვა, რადგან არ ემხრობოდა ნიკა მელიას დაკავებას, მოსალოდნელი ესკალაციისა და მოქალქეებისადმი შესაძლო საფრთხის გამო, საზოგადოებას მისი საწინააღმდეგო ნაბიჯები ახსოვს. რადგან გახარია შს მინისტრის თანამდებობას იკავებდა 2018 წელს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს და 20 ივნისს გამართული აქციის დაშლისას.
„მიუხედავად „გულისამაჩუყებელი“ ტექსტებისა, რომ, თურმე, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნი და პოლარიზაციის აღმოფხვრაა შენი მიზანი, არავის დაგვვიწყებია და არც დაგვავიწყდება, ჯერ 12 მაისს კლუბებში სპეცრაზმით შევარდნით რომ დაიწყე, მერე 20 ივნისს უდანაშაულო ხალხი რომ დაარბიე და ამ ფონზე ბიძინას გადმოგდებულ პრემიერმინისტრობას დახამდი.
და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, შენზე პირველად გაგვახსენდება, რომ „როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია“.
დღეს, 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.
პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.
ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.