პოლიტიკური გუნდი ერთიანია. დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ – თალაკვაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განმარტა, რა პროცედურები უნდა გაიაროს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ.

თალაკვაძე თავდაპირველად გამოეხმაურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს და თქვა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს საკანონმდებლო და სასამართლო შტოებმა, იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო, მის კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე ძალადობრივი შეტევის შემთხვევაში.

არჩილ თალაკვაძემ ახსნა პროცედურები, რა ხდება პრემიერის გადადგომის მომენტიდან. მისი თქმით, საჯარო განცხადებიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს ნდობა მთავრობის ახალ შემადგენლობას.

„9 დღის ვადა აქვს არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას, რომ წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და მთავრობის შემადგენლობაც ამ პროცედურაში უნდა იქნას დასახელებული და შემდეგ უკვე დარჩენილი ვადა ეკუთვნის პარლამენტს იმისთვის, რომ დაასრულოს მთავრობის ფორმირება. სულ, საამისოდ არის 2-კვირიანი ვადა. აქედან 9-დღიანი ვადა აქვს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას, წარმოადგინოს მინისტრთა კაბინეტი.

შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, უკვე ვიწყებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ გუნდში და ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულ ვადებში მოხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის და მთავრობის შემადგენლობის წარდგენა პარლამენტში“, განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი და სახელმწიფო ინსტიტუტები სრულფასოვანი მოქმედებისთვის მზადაა.

„ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური გუნდი  არის ერთიანი და სახელმწიფო ინსტიტუტები სრულ მზადყოფნაშია, რომ ყველა საჯარო ფუნქციის, ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს. რასაკვირველია, ჩვენ არანაირ წყვეტას, არანაირ მცდელობებს დესტაბილიზაციისას ქვეყანაში არ დავუშვებთ, ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია არის საქართველოს პარლამენტი”, განაცხადა თალაკვაძემ.


დღეს, 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.