გახარიამ მის მიმართ ნდობა ერთ დღეში, წამში გაფლანგა და წყალს გაატანა - სუბარი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წევრი სოზარ სუბარი გიორგი გახარიას გადადგომაზე აცხადებს, რომ ლიდერი ასე არ შეიძლება, რომ მოიქცეს. იგი აღნიშნავს, რომ გახარიას გადაწყვეტილება დამაზიანებელი და შეუწყნარებელი იყო, თუმცა მის პრემიერობას დადებითად აფასებს.

„რაც შეეხება როგორც პრემიერს, არჩევნები ახალი ჩავლილია, მე ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში და ყველგან, სადაც მივდიოდი, მხვდებოდა ის, რომ გიორგი გახარიას მიმართ ნდობა არსებობდა და ძალიან დადებითად მოქმედებდა ჩემს საარჩევნო კამპანიაზე.

უბრალოდ, მას შეეძლო, ეს ნდობა გამოეყენებინა ქვეყნისთვის სასარგებლოდ, თუმცა მგონია, რომ ერთ დღეში, წამში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა. არ ვიცი, რამდენად ღირდა, ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა მას ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება“, –  – განაცხადა სოზარ სუბარმა „იმედის“ ეთერში.


გიორგი გახარია 18 თებერვალს გადადგა. მისი განმარტებით, გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.