რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში ობიექტების გამოსყიდვაზე

პუბლიკა

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა Entrepreneur.com-თან ინტერვიუში წყალტუბოს პროექტის შესახებაც ისაუბრა.

წყალტუბოში ობიექტების გამოსყიდვის შესახებ შეკითხვაზე ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ სასტუმროები ღია აუქციონზე მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება.

„მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა და თხოვნა მექნება – ეს არის ვადები, რომ მაქსიმუმ 3 წელიწადში ობიექტი დასრულდეს და რეაბილიტაცია არსებული კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდეს.

მალე უნდა გამოცხადდეს საინვესტიციო პაკეტი. მართებული იქნება და უნდა შევეცადოთ, რომ ცალ-ცალკე გამოვიდეს ობიექტები, რათა, ვისაც რა უნდა, ის შეიძინოს.

იქნება ტენდერი თუ აუქციონი, სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს და რა თქმა უნდა, მეც და ყველა დაინტერესებული პირი მას დავემორჩილებით.

ამ პროცესში, ვფიქრობ, რომ შეიძლება ყველა სასტუმრო გაიყიდოს სხვა კერძო ინვესტორებზე და, პრაქტიკულად, მე აღარც ერთი სასტუმროს შეძენა არ მომიწიოს. რაც არ გაიყიდება, მე ვარ მყიდველიც და გამკეთებელიც – 3 წელიწადში,“ – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

ის ასევე აცხადებს, რომ თუ ასე არ მოხდა და ამ ეტაპზე მაინც თავს შეიკავებენ, ყველა ობიექტს ის თავად შეიძენს და დაასრულებს.

„რაც მთავარია, მე ზოგადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში მივეხმარები სახელმწიფოს. რასაც თავად ვერ გასწვდება, ჩემი ხარჯით დავაფინანსებ,“ – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.