ხვალ გავიგებთ, დაუშვებს თუ არა საჩივარს სააპელაციო - მელიას ადვოკატი

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დღეს მისი ადვოკატები მოინახულებენ.

„ვაპირებთ, რომ მოვინახულოთ ნიკა. მასთან გავივლით სხვადასხვა სამართლებრივ თუ ტექნიკურ დეტალებს… საჩივარი და საქმის მასალები განაწილებულია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილზე. 72 საათში მიიღებენ გადაწყვეტილებას დასაშვებობასთან დაკავშირებით”, – აცხადებს მისი ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

როგორც ადვოკატი „პუბლიკასთან” საუბრისას ამბობს, დაუშვებს თუ არა სასამართლო განსახილველად სააპელაციო საჩივარს, ხვალ საღამოს გახდება ცნობილი.

მელიას ადვოკატებს სააპელაციოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აქვთ გასაჩივრებული ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გუშინ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.