მთავრობა: აზერბაიჯანის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მიიწვია

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ალი ასადოვმა საქართველოს მთავრობის მეთაურს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იგი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია.

ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ 22 თებერვალს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა.

მისი თქმით, აზერბაიჯანულ მხარესთან დავით გარეჯის საკითხზე გამართავს მოლაპარაკებებს.

“პირველ რიგში ვიტყვი რომ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი, ბატონი ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და, ალბათ, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შედგება. ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან და მე მჯერა, რომ ბატონი ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებებს და შევძლებთ მოლაპარაკებას,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.