კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ „ევროპული სოციალისტების“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი, ფრიდონ ინჯია კანონდარღვევის დამალვას რეესტრში დაჩქარებული ცვლილებით შეეცადა.
მათი განცხადებით, საჯარო რეესტრის ამონაწერი ცხადყოფს, რომ ფრიდონ ინჯია შპს „სისტემ ნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას 2021 წლის 24 თებერვლამდე იკავებდა.
კომისიის ცნობით, სამეწარმეო რეესტრში ცვლილება ფრიდონ ინჯიამ არა დეპუტატობიდან კანონით დადგენილ 10 დღის ვადაში, არამედ მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის მიერ 23 თებერვალს გაკეთებული განცხადების შემდეგ დაჩქარებული წესით 24 თებერვალს განახორციელა. მათივე თქმით, ცვლილების შეტანისთანავე ინჯიამ მორიგი, შეცდომაში შემყვანი განცხადება გაავრცელა, თითქოს აღნიშნული არა 24 თებერვალს, არამედ მანამდე ჰქონდა გაკეთებული.
„აღნიშნული ცვლილების დაჩქარებული წესით განხორციელების მიუხედავად, დეპუტატ ინჯიას კვლავ რჩება ინტერესთა კონფლიქტი და ის აგრძელებს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევას. საგულისხმოა, რომ სამეწარმეო რეესტრში ცვლილება ინჯიამ სწორედ მას შემდეგ გააკეთა, რაც კომუნიკაციების კომისიამ ინტერესთა კონფლიქტისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაზე მიუთითა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ფრიდონ ინჯია 2021 წლის 24 თებერვლამდე იყო შპს „სისტემ ნეტის“ (ს/კ 205267423) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, აღნიშნული კი წარმოადგენს „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევას. ამავე კანონის ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად კი „თანამდებობის პირი და მისი ოჯახის წევრი ვალდებულია ამ თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა.“
ამასთანავე, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ 2021 წლის 24 თებერვლიდან ფრიდონ ინჯიას სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგომის მიუხედავად იგი, მისი ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები კვლავ რჩებიან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების წილის მფლობელებად, მიუხედავად იმისა, რომ წილების ფლობა არ წარმოადგენს კანონდარღვევას ფრიდონ ინჯიას, როგორც პარლამენტის წევრს, კვლავ აქვს ვალდებულება დაიცვას „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი“, რაც სწორედ იმას გულისხმობს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა პარლამენტის წევრის სტატუსი თავისი, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს.
ფრიდონ ინჯიას მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიაზე მისი დაუსაბუთებელი თავდასხმები ნაკარნახევია სწორედ მისი და მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების ბიზნეს ინტერესებით, რომელთა მიმართაც კომისიის მხრიდან უკანასკნელი თვეების განმავლობაში კანონმდებლობის დარღვევის გამო, გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისია.