გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით - ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური

პუბლიკა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ეხმაურება ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია, სამწუხაროდ, უფრო მეტად გაღრმავდა. მათივე თქმით, ეს პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ.

„ველოდებით, რომ მმართველი ძალა და მთავრობა უზრუნველყოფენ ქვეყნის ინკლუზიურ ხელმძღვანელობას და საქართველოს ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებენ. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული. ამ მხრივ ევროკავშირი დიდი ყურადღებით გააგრძელებს მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას.

გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უფრო მეტად განმტკიცებისა და ქვეყნის რეფორმატორული მომავლის ფორმირების მხარდაჭერისთვის.

პოლიტიკური სტაბილურობა, როდესაც ყველა მხარე თავს იკავებს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან, ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი და მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა საიმისოდ, რომ საქართველომ ევროკავშირთან პარტნიორობა უფრო მეტად გააღრმავოს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად.

ევროკავშირი მზად არის, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ ძალისხმევაში”, – ნათქვამია განცხადებაში.