ელენე ხოშტარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დააფუძნა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ სიღარიბის პარალელურად იკარგება სახელმწიფო ინსტიტუტები, სამართალდამცავი უწყებები პოლიტიკურ მითითებებს ასრულებენ და ადამიანის დაშინებას ემსახურებიან, რომ პარლამენტი „ერთი კაცის საქებრადაა“ შეკრებილი და დროა, ეს დასრულდეს.
მისივე თქმით, უსამართლობასთან მებრძოლ არც ერთ ადამიანს არ დატოვებენ მარტო, ამხელენ და არ შეეგუებიან „კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, კლანის წევრებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებსა და უსამართლობას“.
„პუბლიკასთან“ საუბრისას ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე „დროა“ პოლიტიკურ მოძრაობად დარეგისტრირდა.
„ჯერჯერობით, მოძრაობად დარეგისტრირებაზე შევიტანეთ [განაცხადი], პარტიად მერე“, – გვითხრა მან.
ხოშტარიას თქმით, პოლიტიკურ მოძრაობაში გაერთიანებულთა და პლატფორმების პრეზენტაცია მარტის ბოლოს იქნება. პრეზენტაციამდე წევრების დასახელებისგან მან თავი შეიკავა, თუმცა გვითხრა, რომ გაერთიანდებიან როგორც პოლიტიკოსები, ისე საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი სახეები, მათ შორის, რეგიონებიდანაც.
„„დროას“ ერთ-ერთი პროდუქტი იქნება ვიდეომასალა, სადაც იქნება კონკრეტული მხილება, კორუფციის, გაყალბების.. ასევე რაღაც ისტორიების წარმოჩენა, მაგალითად, რეგიონებში პრობლემების, ანუ რაც აწუხებს ხალხს. ერთ-ერთი პროდუქტი იქნება YouTube-ის არხი, დანარჩენი, 4 პლატფორმა იქნება და ამას მოვყვებით პრეზენტაციაზე“, – ამბობს ხოშტარია „პუბლიკასთან“.
„პუბლიკამ“ მას პოლიტიკურ გეგმებზე, უფრო კონკრეტულად კი „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „ლელოსთან“ სავარაუდო თანამშრომლობაზე ჰკითხა.
ელენე ხოშტარიას თქმით, ცალკეულ ინიციატივებთან დაკავშირებით თანამშრომლობს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ამიტომ ზემოხსენებულ პარტიებთან გამოჩენა არ იყო მისი „სამომავლო განაცხადი“.
„დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ გარკვეული კოალიცია აუცილებელი იქნება, ოღონდ რა კონფიგურაციის, ჯერ ადრეა ამის თქმა“, – ამბობს ხოშტარია.
უკვე ცნობილია, რომ მოძრაობას შეუერთდება იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი თამაზ ახობაძე, რომელმაც გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ის წერს, აწუხებს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და დიდი ხანია სურს, პოლიტიკას მეტი დრო დაუთმოს.
„ფეხს ვითრევდი, რადგან ბევრი რამე არ მომწონდა ქართულ პოლიტიკაში. ყველაზე მეტად მეშინოდა იმის, რომ მომიწევდა „პოლიტიკური ძალისთვის“, „ლიდერისთვის“ თავის ქნევა, ყველაფერში დათანხმება ანუ საკუთარი მეს, თამაზ ახობაძეობის დაკარგვა. ამ შიშის გარეშე ვუერთდები ელენე ხოშტარიას და მოძრაობა „დროას“. ვუერთდები იმიტომ რომ მჯერა ვიქნები პრინციპულ, მებრძოლ, ქვეყანაზე შეყვარებულ გუნდთან და ვეცდები რაიმეთი მაინც გამოვადგე ჩვენს ქვეყანას“, – წერს ახობაძე.
ელენე ხოშტარიამ პარტია „ევროპული საქართველო“ 2020 წლის 28 დეკემბერს დატოვა.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, არ გადავდივარ არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში“, – განაცხადა მან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.