„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანებული შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრის დაწყებამდე პოლიტიკოსებმა მედიას განუცხადეს, რომ იმსჯელებენ მოლაპარაკების პროცესსა და „ქართულ ოცნებასთან“ სამომავლო თანამშრომლობაზე TV პირველის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერების შემდეგ.
„ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის პოზიციაა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჩაანაცვლოს.
„მაგრამ თუ ამას „ქართული ოცნება“ გამოიყენებს მოლაპარაკების ჩასაშლელად, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ამის საშუალებას არ მივცემთ“, – თქვა ბურჯანაძემ.
პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულმა ჩანაწერებმა პოლიტიკურ მოცემულობაში მორალური კლიმატი შეცვალა, რაც მოლაპარაკებაზე აისახება.
„მოლაპარაკეები, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამ გარემოების გათვალისწინებით, მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნა მოლაპარაკებების მაგიდასთან, მოლაპარაკებების პროცესში მეტ-ნაკლებად რაიმე შედეგს გამორიცხავს“, – ამბობს ფოფხაძე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის პოზიციით, სწორი არ იქნება, თუ ეს პროცესი მოლაპარაკებას შეუშლის ხელს.
„სტრატეგია აღმაშენებლისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე განიმუხტოს კრიზისი და ყველა ერთად გადავერთოთ საზოგადოების პრობლემების მოგვარებაზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ტელეკომპანია „პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.
ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორდნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.