სარჯველაძე: არ მგონია, არსებობდეს საკმარისი საფუძველი გამოძიებისთვის

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ, არ ჰგონია, ამ შემთხვევაში არსებობდეს გამოძიებისთვის საკმარისი საფუძველი.

„ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება. გამოძიებას აქვს წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი. არ მგონია, ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი. გამოძიებისთვის თუ არსებობს საკმარისი წინაპირობები, ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს. გამოძიება იწყება მაშინ, როცა ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს. ასე არ შეიძლება ყველაფერზე…“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა განცხადება შეიტანეს. ისინი მოითხოვენ, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი.


ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ მათთვის ანგარიშის გასწორებას, ვინც სოციალურ ქსლებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.

თავის მხრივ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო დაცვის უფროსი, ჩანაწერის მიხედვით, საუბრობენ ამ დავალებების აღსრულებაზე.