განსხვავებების მიუხედავად, არ მივცემთ საბაბს, რომ ღარიბაშვილის გამო მოლაპარაკებების ჩაშლა დაგვაბრალონ, – აცხადებს ბოკერია.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დღეს „ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებასა და ღარიბაშვილის მონაწილეობაზე შეკითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, ოპოზიციაში, ტაქტიკური განსხვავების მიუხედავად, კონსენსუსი მიღწეულია და ყველა თანხმდება, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ საბაბს მოლაპარაკებების ჩაშლისთვის.
„ნორმალური ამ ძალიან არანორმალურ ვითარებაში იქნებოდა ის, რომ ღარიბაშვილისნაირი ფიგურა არც პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს და არც მოლაპარაკებებზე არ უნდა იყოს, მაგრამ ამ საკითხზე მნიშვნელოვანი კონსენსუსია მთლიანად ოპოზიციაში – განსხვავებების მიუხედავად, რაც აქამდე დაფიქსირდა, ჩვენ არ მივცემთ საბაბს ივანიშვილის რეჟიმს, რომ ღარიბაშვილის საბაბით დააბრალოს ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლა.
ტაქტიკური განსხვავების მიუხედავად, მოვახერხებთ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, ჩვენი მხრიდან, პრეზიდენტ მიშელის მიერ მოხაზულ საკითხებზე. თუ ხელისუფლება გააგრძელებს ამ ხაზს, რომ ოპოზიციას ღარიბაშვილის საკითხი მოლაპარაკებების ჩაშლისთვის უნდა, ამის საბაბს არ მივცემთ. ამისთვის ფორმებს გამოვნახავთ ჩვენს შორის განსხვავებების მიუხედავად“. – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, 20 მარტს ოპოზიციის დაანონსებული აქცია ძალაშია, თუ მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე წინსვლა არ იქნება.
შეკითხვაზე, რა კომპრომისულ ნაბიჯს გადადგამს ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში, ბოკერიამ უპასუხა, რომ ოპოზიციამ კომპრომისული ნაბიჯები უკვე გადადგა.
„ჩვენ უკვე გადავდგით კომპრომისული ნაბიჯი, როცა აღარ მოვითხოვეთ ხელახალი არჩევნები; როცა ვთქვით ვადამდელი და როცა ვადებზე ვისაუბრეთ. ამას მოჰყვა პასუხად ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება და ახლა რა კომპრომისზე უნდა იყოს საუბარი, არ მესმის“. – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დღეს „ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში ღარიბაშვილის მონაწილეობის საკითხზე ისაუბრეს. მოლაპარაკებების მონაწილე პარტიების წარმომადგენლები მედიასთან ამბობდნენ, რომ ღარიბაშვილის საბაბით ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე უარს არ იტყვის, განსხვავებული იყო პარტია „ლელოს“ პოზიცია. მათი წარმომადგენლის თქმით, „ლელო“ იმ მოლაპარაკებებში, სადაც ხელისუფლებას ღარიბაშვილი წარმოადგენს, მონაწილეობას არ მიიღებს.