ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეისა და ჯოზეფ ბორელს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. ამ წუთებში ქართული დელეგაცია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომას ესწრება.

ასოცირების საბჭოს სხდომამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

„ოლივერ ვარჰეისთან ერთად განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებასთან დაკავშირებით, რათა 2024 წელს შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ რუსეთის მზარდი სამხედრო აქტიურობა რეგიონში ევროკავშირის უფრო პროაქტიულ ჩართულობას მოითხოვს“, – წერს პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე შეხვედრის შემდეგ.

დღეს გამართულ შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა ოლივერ ვარჰეიც.

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე შევხვდი ირაკლი ღარიბაშვილს. განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენები და გამოსავლის პოვნის აუცილებლობა, ასევე ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენა“, – წერს ოლივერ ვარჰეი.

ასოცირების საბჭოს სხდომამდე ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელსაც.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები ევროინტეგრაციისთვის, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გამოწვევები და შიდაპოლიტიკური სიტუაცია.

„საუბარი შეეხო ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს. ხაზი გაესვა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის  რეჟიმში წარმართვის აუცილებლობას.

პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლების მზაობა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ დიალოგს განაგრძობს“, – აცხადებს მთავრობის პრესსამსახური.

ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰეისთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. 17 მარტს კი საქართველოს პრემიერი NATO-ის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.