საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას მათ ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და განიხილეს დიალოგის შესაძლებლობა. ბორელის თქმით, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იმოქმედოს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, კრიზისის გადაჭრაში კი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ და მმართველმა გუნდმა უნდა გამოიჩინოს.
„ეს შეხვედრა ჩატარდა თქვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში. რადგან გასული არჩევნების შემდეგ ევროკავშირი გამუდმებით იმეორებს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ერთად უნდა მუშაობდეს და მოახერხონ ურთიერთობა.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა ქვეყანა ებრძვის კორონავირუსის პანდემიას და წინ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები აქვს გასატარებელი. საარჩევნო სისტემის რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა და ამას სჭირდება მთავრობისგან მაღალი პოლიტიკური კლასის დემონსტრირება.
მე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რათა პოლიტიკურ სპექტრში შეთანხმება მოხდეს. ასევე, პარლამენტის ბოიკოტი ვერ დაეხმარება დემოკრატიის ფუნქციონირებას და პოლიტიკურ პლურალიზმს. საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტით ვერ დამკვიდრდება პოლიტიკური პლურალიზმი.
ჩვენ ყველა პოლიტიკურ აქტორს ვთხოვთ, რომ პირველ რიგში დააყენონ ქართველი ხალხის ინტერესი და მოახერხონ კომპრომისი“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი აქტიურად მონაწილეობს დიალოგის პროცესში და ცდილობს უთანხმოების გადაჭრას. ამისი გამოხატულება იყო შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ დიალოგის ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადასვლა. თუმცა, მისი თქმით, რამდენადაც მათთვის ცნობილია, კრისტიან დანიელსონის აქტიური მუშაობის მიუხედავად ჯერჯერობით შეთანხმება ვერ მოხერხდა.
„სამწუხაროდ, ამ დრომდე შეთანხმება მიღწეული არაა, მაგრამ მე მოვისმინე ბატონი პრემიერისგან, რომ ის მხარს უჭერს კონსტრუქციულ დიალოგს და იგივეს ველით ოპოზიციისგანაც. ბატონი დანიელსონს კონკრეტული შეთავაზებები ექნება სხვადასხვა მიმართულებით მომდევნო დღეებში და ველით, რომ ორივე მხრიდან მას ექნება მხარდაჭერა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ბორელის თქმით, მათ ასოცირების საბჭოს სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაცისი გარდა, საკითხების მრავალფეროვანი სპექტრი განიხილეს, მათ შორის, ვაქცინაციის პროცესი, ვითარება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები და საქართველოს მიერ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების საჭიროება.
„მე ხაზი გავუსვი, რომ საქართველომ სასამართლო სისტემის რეფორმის დაპირება უნდა შეასრულოს და უნდა შეიქმნას იმის საფუძვლები, რომ გაიზარდოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ნდობა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.