„ჩვენ ამ ნაწილში ვერ შევთანხმდებით" - თურნავა მოთხოვნაზე, რომ „ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა

პუბლიკა

„ჩვენ ამ ნაწილში ვერ შევთანხმდებით” – ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოძრაობის მოთხოვნას, რომ კომპანია „ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა.

ამის შესახებ თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე  ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა – „რას აკეთებს მთავრობა, როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს, რადგან ისინი ამბობენ, რომ „ენკამ” დატოვოს ხეობა”.

თურნავამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მათთვის მიუღებელია „რადიკალური მოწოდებები – შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს”.

მან ასევე ისაუბრა ნამახვანჰესთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე, კერძოდ, რომ შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონიანი ფონდი, ასევე „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის ზედამხედველობისთვის საბჭო და რომ მოხდება ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება და ვალიდაცია.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ და ვაგრძელებთ კომუნიკაციასა და დისკუსიას სწორედ ამ ჩამოყალიბებული გეგმის ფარგლებში”, – განაცხადა თურნავამ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:
  • „გაუქმდეს განკარგულება, რის საფუძველზეც, კომპანია „ენკას” საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  • გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა“;
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა”.