„ამ სიტყვას ასე ცუდ-უბრალოდ ნუ გამოიყენებთ" - წუკულიანი-წილოსანის შენიშვნა „მოქალაქეებს"

პუბლიკა

უმრავლესობის დეპუტატებმა თეა წულუკიანმა და ნინო წილოსანმა პარტია „მოქალაქეების” ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი თვითმკვლელობის არაპირდაპირი მოწოდების გამოყენების გამო გააკრიტიკეს.

პარლამენტში დღეს მინისტრის საათის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს უსმენენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მინისტრი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ „ომწაგებული გენერლები თავს იკლავდნენ”.

„ოპოზიციის სრულიად უპასუხისმგებლო 2 წევრი, უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს – არაპირდაპირ მოწოდებებს თვითმკვლელობისკენ. მინდა ბავშვებს, ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ეს დაუშვებელია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვითმკვლელობის ბანალიზება. ბატონი იოსელიანი შემოგვიერთდა და იქნებ თქვენმა კოლეგამ [ელისაშვილმა] ეს არ ისიც, ამდენი ცოდნა არ აქვს, მე არ მწყინს ეს მისგან და მაგრამ იურისტი ბრძანდებით და თვითმკვლელობისკენ ეს არაპირდაპირ მოწოდებას, და ზოგადად ამ სიტყვას ასე ცუდ-უბრალოდ ნუ გამოიყენებთ. ეს ჩემი მეგობრული რჩევაა, როგორც კოლეგის, პროფესიიდან გამომდინარე”, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანმა.

„უბრალოდ არაეთიკური და მაქსიმუმ დანაშაულებრივი მიმაჩნია საპარლამენტო ტრიბუნიდან რამდენიმეჯერ თვითმკვლელობის მოწოდება და გარკვეულწილად ამ ქმედების პოპულარიზება და რომანტიზება. და ძალიან გთხოვთ, პარლამენტში ვართ და უამრავი ადამიანი გვიყურებს და არ მგონია, რომ ეს იყოს ეთიკური ან სამართლებრივად სწორი”,  – განაცხადა ნინო წილოსანმა.